Offline Notepad View raw

Shared snapshot

Shared note

  1. გლობალიზაციის ზრდის ფაქტორები ბოლო ათწლეულების განმავლობაში გლობალიზაციის ზრდას ხელი შეუწყო შემდეგმა ფაქტორებმა: • ტექნოლოგიისა და მისი გამოყენების ზრდა; • საერთაშორისო ვაჭრობისა და რესურსების მოძრაობის ლიბერალიზაცია; • საერთაშორისო ბიზნესის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება; • მზარდი სამომხმარებლო ზეწოლა; • მომატებული გლობალური კონკურენცია; • პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილება; • ეროვნებათაშორისი თანამშრომლობის გაფართოება. ტექნოლოგიისა და მისი გამოყენების ზრდა. პროდუქციის განვითარებასა და სრულყოფას განაპირობებს სხვადასხვა ქვეყნის ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური განვითარება. პროდუქტიულობის ზრდის გამო, ხალხი მეტს აწარმოებს და მას შეუძლია მეტის ყიდვა. როდესაც ჩვენი ტექნოლოგიური საფუძველი ფართოვდება, ახალი პროდუქტის განვითარება ჩქარდება. მას შემდეგ რაც ახალი პროდუქტი მუშავდება, პროდუქციის ოპტიმალური ზომა იშვიათად შეესაბამება ერთი კონკრეტული ქვეყნის ბაზრის მოთხოვნებს. შესაბამისად, კომპანიებმა გაყიდვები უნდა განახორციელონ არა მარტო ადგილობრივი მასსტაბით, არამედ საზღვარგარეთაც. კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების განვითარება. დიდი მასშტაბით კომუნიკაციისა და ტრანსპორტირების განვითარებამ საშუალება მოგვცა, შევიცნოთ და გამოვიყენოთ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში შექმნილი პროდუქცია და მომსახურება. განვითარებული კომუნიკაციები და ტრანსპორტირება არა მარტო აჩქარებს ურთიერთქმედებას, არამედ ზრდის მენეჯერთა შესაძლებლობას, თვალყური ადევნონ უცხოურ ოპერაციებს. საერთაშორისო ვაჭრობისა და რესურსების მოძრაობის ლიბერალიზაცია. საკუთარი დარგების პროტექციონიზმის მიზნით, ცალკეული ქვეყანა ზღუდავს მის საზღვრებში არა მხოლოდ საქონლისა და მომსახურების მოძრაობას, არამედ მისი წარმოების ფაქტორებს. ამგვარი შეზრუდვები კი ადგენს ლიმიტებს საერთაშორისო ბიზნესის აქტივობებისთვის და რეგულაციები ნებისმიერ დროს ქმნის გაურკვევლობას. მზარდი სამომხმარებლო ზეწოლა. გარდა იმისა, რომ მომხმარებლებმა მეტი იციანსხვა ქვეყნებში ხელმისაწვდომი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ, მათ ასევე შეუძლიათ თავს უფლება მისცენ იყიდონ ის პროდუქტები, რომლებიც ერთ დროს ფუფუნების საგნად მიიჩნეოდა. დღეს სულ უფრო მეტი მომხმარებელი გადის იმ ბაზრებზე, სადაც შემოსავალი და მოხმარება ყველაზე სწრაფად იზრდება.

  2. რატომ ერთვებიან კომპანიები საერთაშორისო ბიზნესში ჩვეულებრივ, გამოიყოფა სამი ოპერაციული მიზანი, რომლებიც საერთაშორისო ბიზნესში ჩართვის საფუძველია: • გაყიდვების გაფართოება; • რესურსების მოპოვება; • რისკის შემცირება. ეს სამი მიზანი მართავს ყველა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა ჩაერთონ კომპანიები საერთაშორისო ბიზნესში. კომპანიის გაყიდვები დამოკიდებულია მომხმარებელთა სურვილსა და შესაძლებლობაზე, იყიდონ მისი პროდუქტი(ან მომსახურება). დღესდღეობით მეტი გაყიდვა უფრო მეტ ღირებულებას ქმნის, მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც დამატებითი გაყიდვები ხარჯების პროპორციულად არ იზრდება. საერთაშორისო გაყიდვების ზრდა საერთაშორისო ბაზრების გაფართოების მთავარი მოტივია და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების დიდი ნაწილი გაყიდვების ნახევარზე მეტს ქვეყნის გარეთ აწარმოებს. რესურსების მოპოვება. მწარმოებლები ხშირად იმიტომ ეძებენ პროდუქტს, მომსახურებას, ან რესურსებს უცხოურ ქვეყნებში, რომ ადგილობრივ ბაზარზე არსებული მარაგი არასაკმარისია. ისინი ასევე ეძებენ კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ახალ წყაროებს. მაგალითად, შედარებით დაბალ ფასში რესურსების შეძენა საზღვარგარეთ. თუმცა, კომპანიები კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას ან კონკურენტების პროდუქტებისგან მისი დიფერენცირებითაც ცდილობენ. ამ შემთხვევაში იზრდება როგორც საბაზრო წილი, ასევე მოგებაც. რისკის შემცირება. ზოგადად კომპანიები რისკების შესამცირებლად მიმართავენ შემდეგ ხერხებს: გაყიდვების სრულყოფა და მოგების ზრდა; კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვება. ფაქტია, გაყიდვები შედარებით ნელა მცირდება ან იზრდება რეცესიულ ქვეყანაში და შედარებით სწრაფად მიდის იმ ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკურად ფართოვდება. ხშირად, კომპანიები თავდაცვითი სტრატეგიის განხორციელების მიზნით, ხდებიან საერთაშორისო დონის. ამით კი ისინი ხელს უშლიან კონკურენტებს უცხოურ ბაზარზე უპირატესობის მოპოვებაში.

  3. ოპერაციების ფორმები საერთაშორისო ბიზნესში საერთაშორისო ბიზნესის განსახორციელებლად კომპანიამ უნდა აარჩიოს მისთვის ხელსაყრელი ოპერაციის ფორმა. ვაჭრობის ექსპორტი და იმპორტი. ექსპორტირება და იმპორტირება საერთაშორისო ბიზნესის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ვაჭრობის ექსპორტი მოიცავს იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომლებიც სხვა ქვეყანაში იგზავნება. იმპორტი კი ქვეყანაში შემოტანილი საქონელი და მომსახურებაა. მომსახურების ექსპორტი და იმპორტი. საერთაშორისო შემოსავლებში არახელშესახები პროდუქტების აღსანიშნავად გამოიყენება ტერმინები: მომსახურების ექსპორტი და იმპორტი. მომსახურება საერთაშორისო ვაჭრობაში ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. მომსახურების ექსპორტი და იმპორტი მრავალგვარია და განიხილება შემდეგი პროცესები: ტურიზმი და ტრანსპორტირება; მომსახურების შესრულება; აქტივთა გამოყენება. ინვესტიციები. ინვესტიციები ეროვნულ სტატისტიკაში მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის განსხვავებულ ფორმად მიიჩნევა. უცხოური ინვესტიციები ნიშნავს უცხოური საკუთრების მფლობელობას ისეთი ფინანსური შემოსავლის სანაცვლოდ, როგორიცაა პროცენტი და დივიდენდი. ის შეიძლება იყოს: პირდაპირი და პორტფელური. უცხოურ პირდაპირ ინვესტიციაში, რომელსაც ზოგჯერ პირდაპირ ინვესტიციას უწოდებენ, ინვესტორი იღებს საკონტროლო წილს უცხოურ კომპანიაში. ხოლო როდესაც ორი ან მეტი კომპანია იყოფს უცხოური პირდაპირი ინვესტიციის მფლობელობას, ამ ოპერაციას ერთობლივ საწარმოს უწოდებენ. არაკონტროლირებადი ფინანსური წილი, რომელიც ორი სახისაა: კომპანიის აქციები და კომპანიის სესხები, ობლიგაციების, თამასუქების ან ბანკნოტების სახით. ისინი მნიშვნელოვანია იმ უმეტესი კომპანიისათვის, რომლებიც მოკლევადიანი ფინანსური მოგების მიღების მიზნით, თავიანთი ფონდებით რუტინულად გადაადგილდებიან ქვეყიდან ქვეყანაში.

  4. საერთაშორისო ბიზნესზე მოქმედი სოციალური და ფიზიკური ფაქტორები. ფიზიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა შესაძლოა იმოქმედოს კომპანიების პროდუქტების წარმოებასა და გაყიდვაზე ოპერაციების დაკომპლექტებასა და ანგარიშგების წარმოებაზე. ეს ფაქტორების გავლენას ახდენს კომპანიის ეფექტურობაზე და მოითხოვს, რომ შეცვალოს უცხოური ოპერაციები. გეოგრაფიული ზეგავლენა. გეოგრაფიაში კარგად გათვითცნობიერებულ მენეჯერებს შეუძლიათ მსოფლიო რესურსების რაოდენობის, ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მათი ექსპლუატაციის გზების განსაზღვრა. რესურსების არათანაბარი განაწილება მთელ მსოფლიოში ხსნის იმას, თუ რატომ იწარმოება სხვადასხვა პროდუქტი და მომსახურება სხვადასხვა ადგილას. გარდა ამისა, ქვეყნებს განასხვავებს ტერიტორიის სიდიდე და მოსახლეობის რიცხოვნობა. დიდ ქვეყნებთან შედარებით, პატარა ქვეყნებს ნაკლებად აქვთ წვდომა მრავალფეროვან ადგილობრივ რესურსებსა და დიდ ბაზრებზე. საბოლოოდ, მოსახლეობის განაწილება და ადამიანური აქტივობის მოქმედება გარემოზე მძლავრად ზემოქმედებს საერთაშორისო ბიზნესის მომავალზე. პოლიტიკური კურსები. სახელმწიფოს პოლიტიკური კურსი მოქმედებს მის საზღვრებში საერთაშორისო ბიზნესის წარმოებაზე. აშკარაა, რომ პოლიტიკურ დავებს, განსაკუთრებით სამხედრო დაპირისპირებებს, შეუძლია ვაჭრობისა და ინვესტიციისათვის ხელის შეშლა. იმ კონფლიქტებსაც კი, რომლებიც ზემოქმედებს მხოლოდ მცირე ტერიტორიებზე, შორეული ეფექტებიც მოსდევს. სამართლებრივი პოლიტიკა. ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა დიდ როლს ასრულებს იმის დადგენაში, როგორ იმუშავებს კომპანია საზღვარგარეთ. შიგა კანონმდებლობა მოიცავს, როგორც მშობლიური, ისე მასპინძელი ქვეყნის რეგულაციებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: გადასახადები, დასაქმება და უცხოური გაცვლა-გამოცვლის ტრანზაქციები. საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს როგორ იბეგრება შემოსავლები. შესაძლოა, იგი განსაზღვრავდეს იმასაც, თუ როგორ შეუძლია კომპანიებს გარკვეულ ტერიტორიებზე მუშაობა.

  5. საერთაშორისო ბიზნესზე მოქმედი კონკურენტული ფაქტორები. ფიზიკური და სოციალური გარემოს გარდა, არსებობს კონკურენტული გარემო სადაც კომპანიას უწევს მუშაობა. საერთაშორისო ბიზნესში გამოიყოფა შემდეგი კონკურენტული ფაქტორები: პროდუქტის სტრატეგია, რესურსების ბაზა, გამოცდილება და კონკურენტის შესაძლებლობები. პროდუქტებისთვის კონკურნციული სტრატეგია. პროდუქტები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ხარჯების ან დიფერენციაციის სტრატეგიებით. ეს ყოველივე კი ხდება: • სასურველი საბრენდო გამოსახულების შემუშავებით ან რეკლამისა და ბრენდთან დაკავშირებული მომხმარებლის გრძელვადიანი გამოცდილების საშუალებით. • ისეთი უნიკალური მახასიათებლების ჩამოყალიბებით, როგორიცაა კვლევისა და განვითარების საშუალებები. განსხვავებული პროდუქტის ან ქვეყნისთვის, შესაძლოა განსხვავებული სტრატეგიების გამოყენება, მაგრამ ფირმის სტრატეგიული არჩევანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმის დადგენაში, თუ როგორ და სად იმუშავებს იგი. კომპანიის რესურსები და გამოცდილება. ასევე მნიშვნელოვან კონკურენტულ ფაქტორს წარმოადგენს კომპანიის მოცულობა და რესურსები. დიდ ბაზრებზე, მცირე ბაზრებთან შედარებით, ეროვნული დისტრიბუციის დასაცავად კომპანიებს მეტი რესურსების ინვესტირება უწევთ. დიდ ბაზრებზე ისინი მეტი კონკურენტის პირისპირ რჩებიან. ამას გარდა, ეროვნული ბაზრის წილი და ბრენდის აღიარება კონკრეტულ ქვეყანაში მუშაობასთანაა დაკავშირებული. დიდი ხნის განმავლობაში არსებული დომინანტური საბაზრო პოზიციის მქონე კომპანია იმ სამუშაო ტექნიკას იყენებს, რომელიც ახლად შესული კომპანიის ტექნიკისგან განსხვავდება. ასეთი კომპანია მეტად ზემოქმედებს მიმწოდებლებზე და დისტრიბუტორებზე. კონკურენტები თითოეულ ბაზარზე. საბოლოოდ, წარმატება ბაზარზე ხშირად დამოკიდებულია იმაზე, კონკურენცია საერთაშორისოა თუ ადგილობრივი.